მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი ”გენიოსი” ხშირად უმართებულოდ იხმარება და სადაოა ხოლმე, ხელოვანთა წრეებში კი ფასი აქვს დაკარგული, ვან გოგთან მიმართებაში იგი სავსებით გამართლებულია.
გასაოცარი, დაუოკებელი სულიერი ძალის წყალობით ჰოლანდიელმა ფერმწერმა მოახერხა ტილოზე გადაეტანა სნეული გონებიდან და ტანჯული სულიდან ამოხეთქილი ვნებები და განცდები, ალბათ იმისთვის, რომ სიცოცხლეს მისთვის აზრი არ დაეკარგა გამორჩეული ფერების, ხაზებისა და კომპონენტების მეშვეობით მან შეძლო გარესამყაროს მისეული, მხატვრული აღქმა უამრავი ადამიანისათვის გაეზიარებინა.
ვან გოგს გასაოცარი უნარი ჰქონდა, მის მიერ დანახული ბუნების სურათებით ადამიანის სულის სიმები აეთრთოლებინა.ამას თავისი დამანგრეველი ენერგიით დამუხტული ფუნჯის მეთოდური მონასმებით და გულის სიღრმიდან ამომსკდარი ფერებით აღწევდა, რაც მხოლოდ უბრალო ჭვრეტის ნაყოფი არ იყო. მან საკუთარი განუმეორებელი მხატვრული ენა შექმნა.თანამედროვეთა უმრავლესობის მიერ აუღიარებელმა და ზურგშექცეულმა შემოქმედმა დიდი ზეგავლენა მოახდინა XX საუკუნის მხატვრობის განვითარებაზე.
ხელოვნების ისტორიის შესახებ დაწერილი ნაშრომების უმეტეს ნაწილში ვან გოგი თანამედროვე მხატვრობის გენიოსადაა აღიარებული. ვან გოგის მხატვრული გენია სრულად მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ აღიარეს. შმაგი და მოზღვავებული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებულმა ოსტატმა ათ წელიწადზე ნაკლებ დროში 800 ზე მეტი ფერწერული ტილო შექმნა, თუმცა სიცოცხლეში მხოლოდ ერთი სურატის გაყიდვა მოახერხა ეს იყო :წითელი ვენახი არლში” რომელშიც უმნიშვნელო თანხა მაშინდელი 40 ფრანკი გადაუხადეს.ძნელია ეს თანხა შევადაროთ 1990 წელს დამყარებულ რეკორდს, როცა მისი ”ექიმ პოლ გაშეს პორტრეტი” 82 მილიონ დოლარზე ძვირად გაიყიდა.
მასზე ადრე მოღვაწე გენიოსებისგან განსხვავებით, ვან გოგი ხელოვანთა ოჯახში არ დაბადებულა, არც ვუნდერკინდი ეთქმოდა და ხატვაც გვიან დაიწყო. ამ თვითნყოფადი ფერმწერის შემოქმედებითი უნარი, რომელიც ვერ ეგუებოდა მასწავლებლის თავსმოხვეულ ნორმებს, მისი გამუდმებული იმედგაცრუებების საპასუხო რეაქცია გახლდათ. რაც უფრო მწარე მარცხით მთავრდებოდა მისი პირადი გეგმები, მით მეტ სიმარლეს აღწევდა მისი ოსტატობის სიმაღლე, ხანდახან ხელოვნების საშუალებით თავს აღწევდა ემოციურ დაძაბულობასა და კომფლიქტებს, მაგრამ ფერმწერი ბოლომდე მაინც ვერ განთავისუფლდა დეპრესიისა და ფსიქიკური დაავადებების შეტევებისაგან. ვან გოგმა ცხოვრებას ალღო ვერ აუღო, წონასწორობა დაკარგა და სიცოცხლე თვითმკვლელობით, 37 წლის ასაკში, დაასრულა.
"მე მიწასთან არაადამიანური ძაფებითა ვარ დაკავშირებული,
ეს განცდა დიდი ნაღველის დროს დამეუფლა, განსაკუთრებით
კი იმ პერიოდებში, რომელთაც ისინი სულით ავადმყოფობას უწოდებდნენ”
No comments:
Post a Comment