გასაოცარი, დაუოკებელი სულიერი ძალის წყალობით ჰოლანდიელმა ფერმწერმა მოახერხა ტილოზე გადაეტანა სნეული გონებიდან და ტანჯული სულიდან ამოხეთქილი ვნებები და განცდები, ალბათ იმისთვის, რომ სიცოცხლეს მისთვის აზრი არ დაეკარგა გამორჩეული ფერების, ხაზებისა და კომპონენტების მეშვეობით მან შეძლო გარესამყაროს მისეული, მხატვრული აღქმა უამრავი ადამიანისათვის გაეზიარებინა.
ვან გოგს გასაოცარი უნარი ჰქონდა, მის მიერ დანახული ბუნების სურათებით ადამიანის სულის სიმები აეთრთოლებინა.ამას თავისი დამანგრეველი ენერგიით დამუხტული ფუნჯის მეთოდური მონასმებით და გულის სიღრმიდან ამომსკდარი ფერებით აღწევდა, რაც მხოლოდ უბრალო ჭვრეტის ნაყოფი არ იყო. მან საკუთარი განუმეორებელი მხატვრული ენა შექმნა.თანამედროვეთა უმრავლესობის მიერ აუღიარებელმა და ზურგშექცეულმა შემოქმედმა დიდი ზეგავლენა მოახდინა XX საუკუნის მხატვრობის განვითარებაზე.

მასზე ადრე მოღვაწე გენიოსებისგან განსხვავებით, ვან გოგი ხელოვანთა ოჯახში არ დაბადებულა, არც ვუნდერკინდი ეთქმოდა და ხატვაც გვიან დაიწყო. ამ თვითნყოფადი ფერმწერის შემოქმედებითი უნარი, რომელიც ვერ ეგუებოდა მასწავლებლის თავსმოხვეულ ნორმებს, მისი გამუდმებული იმედგაცრუებების საპასუხო რეაქცია გახლდათ. რაც უფრო მწარე მარცხით მთავრდებოდა მისი პირადი გეგმები, მით მეტ სიმარლეს აღწევდა მისი ოსტატობის სიმაღლე, ხანდახან ხელოვნების საშუალებით თავს აღწევდა ემოციურ დაძაბულობასა და კომფლიქტებს, მაგრამ ფერმწერი ბოლომდე მაინც ვერ განთავისუფლდა დეპრესიისა და ფსიქიკური დაავადებების შეტევებისაგან. ვან გოგმა ცხოვრებას ალღო ვერ აუღო, წონასწორობა დაკარგა და სიცოცხლე თვითმკვლელობით, 37 წლის ასაკში, დაასრულა.
"მე მიწასთან არაადამიანური ძაფებითა ვარ დაკავშირებული,
ეს განცდა დიდი ნაღველის დროს დამეუფლა, განსაკუთრებით
კი იმ პერიოდებში, რომელთაც ისინი სულით ავადმყოფობას უწოდებდნენ”
No comments:
Post a Comment